ფოტოკლუბები სოფლად - მაღალმთიანი აჭარა
2020 წელს პროექტი "ფოტოკლუბები სოფლად" განხორციელდა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში მომთაბარე თემით დასახლებულ მთიან აჭარაში, ღორჯომის ხეობის სოფლებში - წინწყალაშვილებსა და გორგაძეებში.
პროექტის - „ფოტოკლუბები სოფლად“ შექმნის იდეა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ამ იდეის განხორციელება 2013 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გრიგალაშვილი საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში ქმნის ჯგუფებს, რომლებშიც ერთიანდებიან ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადგილობრივები და შეისწავლიან მას ნათელა გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით.
პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ხელოვნების საშუალებით თემის წევრთა გაერთიანება და გაძლიერება, იმ შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროცესებით, რომლებიც პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მანძილზე ჯგუფის წევრები შეისწავლიან ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნების დარგს - ეცნობიან მის პრაქტიკულ და თეორიულ მხარეებს. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებს - მოწვეული არტისტებისა და კურატორების მიერ ორგანიზებულ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ლექციებს, ფილმების ჩვენებებსა და გამოფენებს სხვადასხვა ქალაქებში.
პროექტი განხორციელდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით.